საათი

Tuesday, January 28, 2014

„ ინტერესს შეუძლია გახსნას გონება ..............“

მნიშვნელოვანია, სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროების მქონე მოსწავლე  აქტიურად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და არა, პასიურად კითხულობდეს ან იწერდეს ასოებს, რომლებიც თქვენ მათ წინ დაულაგეთ. ეს არ არის ადვილი, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი. ამ მიზნის მისაღწევად ბავშვებს უნდა მისცეთ  არჩევანი (ხანდახან): განიხილეთ მოსწავლეებთან ერთად,   რომელი მოთხრობის წაკითხვა სურთ სახელმძღვანელოდან(თავად მოძებნიან და სიხარულით შემოგთავაზებენ საკუთარ არჩევანს), რომელი ასო შემოხაზოთ( თუ ვერ დაგისახელებენ, თითით  გიჩვენონ), რომელი სიტყვებით ან ბარათებით იმუშავოთ.
იმისათვის, რომ სსსმ მოსწავლეს  სწავლისადმი ინტერესი ჰქონდეს, თქვენ დაგჭირდებათ ბევრი სხვადასხვა სასწავლო რესურსი. რაღაცები თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიებში( მაგალითად. წიგნები სხვადასხვა საგნის სურათებით და შესაბამისი წარწერებით), მაგრამ რესურსის უმეტესობა, სავარაუდოდ, უნდა დაამზადოთ თქვენ თავად.
ეს შეიძლება იყოს:
·         ბარათები სიტყვებით ( შეძენილი, ან ხელნაკეთი, ხელით ნაწერი ან ნაბეჭდი -სქელ ქაღალდზე, ან მუყაოზე).
·         ხელნაკეთი წიგნები და თამაშები: თამაშები წყვილის მოძებნაზე(იპოვოს მსგავსი სიტყვა, ან სურათი, ან ასო);  სპეციალური წიგნი  ორმაგი მხრით ( წაიკითხოს სიტყვა, შემდეგ გადმოაბრუნოს გვერდი  და დაინახავს წაკითხული სიტყვის შესაბამის სურათს.); შეიძლება გააკეთოთ პირიქით: თავიდან უყურებს სურათს , შემდეგ გადმოაბრუნებს გვერდს და კითხულობს სიტყვას; თამაში ანკესით(შეიძლება ანკესით დაიჭიროს მაგნიტური ბარათები წარწერით, ან სურათებით, ასევე  მაგნიტური ასოები); თამაში- მაგნიტურ დაფაზე სიტყვების მიკვრა შესაბამის სურათებთან;  სიტყვების დამალვა(მოძებნოს საჭირო სიტყვა სხვა სიტყვებს შორის).
·         ილუსტრაციები და სურათები.
·         წიგნები კონკრეტულ თემებზე.
·         რესურსები  ასო-ბგერების სწავლების საწყისი ეტაპისთვის.
რა თქმა უნდა, ეს ჩამონათვალი სრული არ არის,  თქვენ შეგიძლიათ კიდევ ბევრი სახალისო /სასწავლო რესურსების დამზადება თქვენი ფანტაზიითა და შემოქმედებითობის გამოყენებით და რაც , ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებით.

სასწავლო რესურსების დამზადება თქვენი მხრიდან ენთუზიაზმს,  დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, სამაგიეროდ მრავალჯერ გამოიყენებთ და დაგავიწყებთ თქვენს  შრომას, როდესაც დაინახავთ, რომ თვქენმა მოსწავლეებმა დამხმარე რესურსების გამოყენებით  სწავლაში უფრო მეტ წარმატებას მიაღწიეს.   

Monday, January 20, 2014

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი

              ADHD


ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი ბავშვებში გავრცელებულ ნეირობიოლოგიურ დარღვევას წარმოადგენს, რომელიც მოზარდობასა და ზრდასრულ ასაკშიც გადადის. სინდრომის მქონე ბავშვებისათვის დამახასიათებელია უყურადღებობა, იმპულსურობა და ჰიპერაქტიურობა.
       ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მახასიათებლები და დიაგნოსტიკური    კრიტერიუმები                                        
უყურადღებობა, მოუსვენრობა, დაუფიქრებლად მოქმედება, გარკვეულწილად ყველა ბაშვისთვის არის დამახასიათებელი. მაშინ, როდესაც ეს სიმპტომები საგრძნობლად ცამორჩება ასაკისათვის შესაბამისი განვითარების დონეს და სერიოზულ პრობლემებს უქმნის ბავშვის სასწავლო პროცესში ცართვას, აკადემიურ მოსწარებასა და თანატოლებთან ურთიერთობას, ჩნდება ეჭვი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომზე.
. ქვემოთ ჩამოთვლილი ექვსი ან მეტი სიმპტომი უნდა ვლინდებოდეს ექვსი თვის განმავლობაში იმ ხარისხით, რომ მოცემული ასაკის ბავშვს ხელს უშლიდეს გარემოსთან შეგუებაში:
უყურადღებობა:
  • ·         უჭირს ერთ საკითხზე ყურადღების კონცენტრირება და მალე გადადის ერთი საქმიანობიდან მეორეზე;
    ·         უჭირს რუტინული დავალებების შესრულება;
    ·         ხშირად არის გაფანტული და რჩება შთაბეჭდილება, რომ არ გისმენს მაშინაც კი, როდესაც უშუალოდ მას მიმართავთ;
    ·         ხშირად კარგავს ნივთებს;
    ·         ერთდროულად იწყებს რამდენიმე აქტივობას და ვერ ასრულებს მათ ბოლომდე;
    ·         უჭირს სკოლისა და საშინაო დავალების ბოლომდე შესრულება;
    ·         თავს არიდებს და არ მოსწონს დავალებები, სადაც ფსიქიკური ძალისხმევაა საჭირო;
    ·         ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გულმავიწყია;
    ·         გარეშე სტიმულებით ადვილად ეშლება ხელი.

    ბ.   ექვსი თვის განმავლობაში  ჰიპერაქტიურობა-ინპულსურობის ექვსი ან მეტი სიმპტომი უნდა ვლინდებოდეს იმ ხარისხით, რომ მოცემული ასაკის ბავშვს ხელს უშლიდეს გარემოსთან შეგუებაში:
    ჰიპერაქტიურობა:
    ·         ხშირად ცქმუტავს და ვერ ისვენებს;
    ·         მუდმივად მოძრაობაშია, ტოვებს თავის ადგილს და გადაადგილდება მთელ საკლასო ოთახში;
    ·         არ შეუძლია წყნარად ჯდომა, გამუდმებით წრიალებს;
    ·         სისტემატურად ესაუბრება გარშემო მყოფთ;
    ·         ვერ ჩერდება გაკვეთილზე, ამოძრავებს ფეხებს, ხელს კიდებს ყველაფერს;
    ·         აწვალებს ფანქარს, ჩანთის საკეტს.
    იმპულსურობა:
    ·         არ ფიქრობს, სანამ რამეს ცაიდენს;
    ·         ხშირად ყვირის უადგილოდ და იძლევა არაადეკვატურ პასუხებს;
    ·         უცებ წამოხტება და გარეთ გარბის;
    ·         ვერ იცავს რიგითობას, ამიტომ უჭირს წესების დაცვა.

    გ. უყურადღებობის ან ჰიპერაქტიურობა-იმპულსურობის ზოგიერთი სიმპტომი 7 წლის ასაკამდე ვლინდება.
    დ. ამ სიპტომების უმეტესობა ორ ან მეტ სხვადასხვა გარემოში ვლინდება.

Friday, January 17, 2014

როგორ უნდა ვასწავლოთ აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს სხვა ადამიანებთან მისალმება?

 როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს მიესალმოს და მიმართოს სხვა ადამიანს სახელით  ეტაპობრივად  

ერთხელ ბიჭუნას მივესალმე, როდესაც მე მას ვუთხარი „ გამარჯობა, ნიკა“, მან მიპასუხა: „გამარჯობა, ნიკა“. (მსგავსი სირთულე დამახასიათებელია აუტიზმის მქონე ბავშვებთან.)
   სანამ ამ პრობლემის გადწყვეტის სტრატეგიას შემოგთავაზებთ, თქვენს ყურადღებას გავამახვილებ რამდენიმე დეტალზე აუტიზმის მქონე ბავშვებთან მიმართებაში. ხშირად    მშობლებს და პედაგოგებს უჭირთ კომუნიკაცია და ურთიერთობა   მათთან და არ იციან როგორ მოიქცნენ. ურთიერთობისას წარმატების მისაღწევად, ბავშვმა  უნდა უპასუხოს სხვებს ან  თავად წამოიწყოს ურთიერთობა. აუტიზმის მქონე ბავშვმა  შეიძლება ვერ გაიგოს რა უთხრეს, არ უპასუხოს სახელის დაძახებაზე ან/და ინდიფერენტული დამოკიდებულება გამოხატოს კომუნიკაციის მცდელობისას.
   ყოველდღიური შესაძლებლობების და თამაშების გამოყენება კი ხელს შეუწყობს უტიზმით დაავადებული  ბავშვის კომუნიკაციას და ურთიერთობას.
    ექოლალია, რასაც მე ნიკასთან წავაწყდი,  არის სხვა ადამიანების სიტყვების გამეორება და ის უტიზმის მქონე ბავშვის სახასიათო შტრიხია. როდესაც ბავშვი ექოლალიას იყენებს, სავარაუდოდ ბავშვი იმეორებს სიტყვებს, რომლის მნიშვნელობაც არ ესმის და ამას არც კომუნიკაციის  მიზნით აკეთებს. თუმცა, ექოლალია კარგი ნიშანია, რადგან მიანიშნებს, რომ ბავშვთან მიზანმიმართულმა  მუშაობამ,  გარკვეულო დროის შემდეგ, შესაძლოა  კომუნიკაციური უნარის განვითარებას შეუწყოს ხელი.  
1.        სანამ თქვენ შეიმუშავებთ პირველად უნარ–ჩვევებს, რომელთა დაუფლება აუცილებელია სხვა ადამიანებთან მისასალმებლად, სთხოვეთ მშობლებს, სპეციალისტებს და სხვა მოსწავლეებს არ წარმოთქვან ბავშვის სახელი სიტყვების „გამარჯობა“ და „ნახვამდის“ ხმარებისას.  ამით თქვენ შეძლებთ თავი აარიდოთ შესაძლო შეცდომას და დაეხმაროთ ბავშვს, რათა ის უფრო წარმატებული გახდეს. თუ ვინმე, ვისთვისაც ეს სტრატეგია  უცნობი ან დავიწყებულია, მიმართავს ბავშვს და ეუბნება მას „გამარჯობა, ნიკა“, ხოლო პასუხად ის იღებს ექოლალიას, უბრალოდ სთხოვეთ მას გაიმეოროს მხოლოდ სიტყვა „გამარჯობა“ და მიიღებთ შესაბამის ექოლალიას: „გამარჯობა“.
2.       შემდეგ მოამზადეთ ფოტოგრაფიების ორ–ორი ეგზემპლარი ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებისა, რომლებსაც ის ხშირად ხვდება (დედა, მამა, და, ბებია, ბიძაშვილი, მეგობარი). ბავშვმა თითოეულ ფოტოგრაფიას უნდა შეურჩიოს მისი შესატყვისი ფოტოგრაფია. მაგრამ, ნაცვლად სტანდარტული ფრაზებისა – „იპოვე ერთნაირი“ ან „იგივეს გვერდით დადე“ –, უბრალოდ უთხარით „დედა“ ან „დედიკო“, მიეცით ბავშვს ფოტოგრაფია და მიუთითეთ „დედის“ იდენტურ გამოსახულებაზე. ასე თქვენ უბიძგებთ ბავშვს, რათა მან ორი სურათი  ერთად შეაერთოს. თუ ბავშვს ექოლალია აქვს, მას შეუძლია თქვენს შემდეგ გაიმეოროს სიტყვა „დედა“. თუ ის იტყვის „დედა“, შეეკითხეთ „ვინ არის?“, დაე გაგცეთ პასუხი „დედა“  როგორც ტაქტი [ვერბალური მოქმედება საგნებისა და ადამიანების დასასახელებლად].
3.        როგორც კი ბავშვი სრულად აითვისებს ტაქტს ყველა ადამიანის მიმართ, რომლებსაც ხშირად ხვდება, თქვენი მხრიდან ყოველგვარი კარნახის გარეშე (როგორც სურათების, ასევე რეალურად დამსწრე ადამიანებთან მიმართებაში), და ასევე შეისწავლის სიტყვების „გამარჯობა“ და „ნახვამდის“ წარმოთქმას სხვათა საპასუხოდ, ყოველგვარი კარნახის გარეშე, მაშინ გადადით მისალმებისა და სახელის ერთად წარმოთქმაზე. თუ ბავშვს არ გამოსდის თავისუფალი ტაქტი ადამიანთა ფოტოგრაფიებთან მიმართებაში, რომლებსაც ის ხშირად ხვდება, და/ან თუ თქვენ კარგად ვერ აკონტროლებთ მის ექოიკას (როდესაც ბავშვი ექოსავით იმეორებს „გამარჯობა“, თუ ვინმე ეუბნება მას „გამარჯობა“, ან ბავშვი ამბობს „ბურთი“, თუ მასწავლებელმა თქვა „ბურთი“), მაშინ ჯერ ადრეა მისალმებისა და სახელის ერთმანეთთან დაკავშირება. ამ შემთხვევაში, ბავშვის ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა უნდა გააგრძელონ „გამარჯობის“ და „ნახვამდის“ წარმოთქმა ბავშვის სახელის გარეშე, სანამ ის არ აითვისებს პირველად უნარ–ჩვევებს.
4.        იმისათვის  რომ დააკავშიროთ მისალმება და სახელი, თქვენ დაგჭირდებათ ორი ადამიანი. ერთი ადამიანი გავა ოთახიდან და შემდეგ  შემოვა, მიესალმება ბავშვს, მეორე ადამიანი კი ამ დროს ბავშვის უკან ან გვერდით დაჯდება და უკარნახებს მას. მაგალითად, მე ვზივარ ნიკას გვერდით, როდესაც მისი დედა შემოდის და ეუბნება: „გამარჯობა, ნიკა“. მე ვკარნახობ: „გამარჯობა, დედა“.  სავარაუდოდ, თქვენ დაგჭირდებათ რამდენჯერმე გამეორება სრული ვერბალური კარნახის გამოყენებით, სანამ თქვენ დაიწყებთ კარნახის სისტემატურად შემცირებას.
5.        თუ ბავშვს მაინც უჭირს მისალმება, თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ ვიდეო, რომელშიც ადამიანები რეკავენ კარზე, და  ვიღაც უღებს მათ კარს.  ყოველი ადამიანი, რომელიც შემოდის ოთახში, ეუბნება: „გამარჯობა, ნიკა“. უფროსი ადამიანი ბავშვთან ერთად უყურებს ვიდეოს და კარნახობს მას უპასუხოს ყოველ კლიპს, სადაც იღება კარი და შემოდის რომელიმე ადამიანი. სწორედ ასეთმა სტრატეგიამ გაამართლა ნიკას შემთხვევაში. ვიდეოს რამდენჯერმე ნახვის შემდეგ ნიკამ სრულყოფილად აითვისა ეს უნარი. ვიდეოში ისმოდა ზარი, მე ვაღებდი კარს, და პირველი მასწავლებელი (ნინა) ეუბნებოდა: „გამარჯობა, ნიკა“. მე ვკარნახობდი მას: „გამარჯობა, ნინა“. შემდეგ ვიდეოზე ის კვლავ რეკავდა კარზე, მე მას ვუღებდი, და ნინა კვლავ ეუბნებოდა: „გამარჯობა, ნიკა“. ამჯერად ნიკამ უთხრა „გამარჯობა, ნინა“ შემცირებული კარნახის შემდეგ ან საერთოდ კარნახის გარეშე. შემდეგ მეორე სპეციალური პედაგოგი (ქეთი) რეკავდა კარზე და იგივე პრაქტიკა მეორდებოდა.
6.      მისალმების სწავლებისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი პუნქტები: დარწმუნდით, რომ ბავშვს მისალმებისათვის გააჩნია პირველადი უნარ–ჩვევები (ადამიანთა სახელების ტაქტი და თქვენს მხრიდან ექოიკის კარგი კონტროლი ორი–სამი სიტყვის ზედიზედ წარმოსათქმელად). ასწავლეთ ბავშვს უშეცდომოდ მისალმება იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროა, გამოიყენეთ ორი ადამიანი და/ ან ვიდეო. 
გაითვალისწინეთ, აუტიზმის მქონე ბავშვები ძლიერი ვიზუალიზაციის(მხედველობითი წარმოსახვის) უნარით ხასიათდებიან. შესაბამისად, აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის ინფორამციის ვიზუალური სახით მიწოდება, ეხმარება მათ კომუნიკაციის ენის განვითარებაში. 







რა ახასიათებს გონებრივ ჩამორჩენილობას











აზროვნების  სპეციფიურობა: აზროვნება არის თვალსაჩინო(კონკრეტული) და სიტუაციური. ცოდნის განზოგადება, სხვა სიტუაციაში გადატანა და აბსტრაგირება გართულებულია;
სწავლის ნელი ტემპი: ესაჭიროებათ მრავალჯერადი გამეორება და დიდი დრო ჭირდება მასალის, ინფორმაციის განმტკიცებას(მაგ. დასწავლილი მასალის გადმოცემის გაუმჯობესება შესაძლებელია 3 თვის შემდეგ გამოვლინდეს;
ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა: გართულებულია როგორც გარკვეულ აქტივობაში ჩართვა,ასევე მომდინარე აქტივობიდან ახალ აქტივობაზე გადართვა;
მეტყველების განვითარების დარღვევა: დამოკიდებულია გონებრივი განვითარების ხარისხზე და შესაძლებელია გამოხატული იყოს არტიკულაციის დარღვევით, ლექსიკური მარაგის სიმწირით, ენის სინტაქსური მხარისა და  გაბმული მეტყველების დარღვევით (ამბის მოყოლა) ან შესაძლებელია ძლიერი ჩამორჩენაც, რაც გამოიხატება მეტყველებით კომუნიკაციის სრული დარღვევით;
მოტორული პრობლემები: უჭირს  ხელით ნატიფი მოძრაობების შესრულება, რომელიც აუცილებელია კალმის, მაკრატლის, დანა-ჩანგლის ხმარებისათვის და შესაბამისად ამ უნარების განვითარებაც დარღვეულია. გართულებულია თანმიმდევრული, რამდენიმე საფეხურისაგან შემდგარი მოტორული აქტივობის შესრულება, დაგეგმვა და კონტროლი. რთულად ხდება თვითმომსახურების ჩვევების (ჩაცმა-გახდა, ჭამა, ტუალეტი, დაბანა, ათვისებაც);
სოციალური ადაპტაციის პრობლემები: მაგ. საზოგადოებრივი თავშეყრის  ადგილას მოქცევის არ ცოდნა(მაღაზიაში, ტრანსპორტში, თეატრში და ა. შ). ეს სირთულე განპირობებულია მეტყველების, ზოგადად კომუნიკაციის და შემეცნებითი უნარების დარღვევით. შესაბამისად, სოციალური ჩვევების დაუფლება რთულად და ხანგრძლივად მიმდინარეობს;

ემოციური მოუმწიფებლობა: შესაძლოა ემოციების გამოხატვის ინტენსივობა იყოს ძალიან ძლიერი, დარღვეულია ემოციების შეკავებისა და კონტროლის უნარი.

რა არის გონებრივი ჩამორჩენილობა

 გონებრივი ჩამორჩენილობა ფსიქიკური განვითარების დარღვევის ფორმაა. აღნიშნული მდგომარეობა ვლინდება ადრეულ ასაკში და მთელი ცხოვრების მანძილზე ახდენს გავლენას ბავშვის ფსიქიკური განვითარებისა და ჩვევების  ჩამოყალიბებაზე.
გონებრივი ჩამორჩენილობა არის მნიშვნელოვანი გადახრა ზოგადი ინტელექტუალური ფუნქციონირების დონიდან.
გონებრივი ჩამორჩენილობა ხასიათდება ინტელექტუალური და ადაპტაციური უნარების დარღვევით შემდეგ სფეროებში:
  •       კომუნიკაცია;
  •         თვითმომსახურება;
  •         სწავლა;
  •         მუშაობა;
  •        დასვენება;
  •          საოჯახო საქმიანობა;
  •        სოციალური ჩვევები.

გამოყოფენ გონებრივი ჩამორჩენილობის 4 ხარისხს:
·         მსუბუქი  (IQ  50-69)
·         საშუალო  (IQ  35-49)
·         მძიმე  (IQ   20-34)
·         ღრმა  ( IQ   20--ის ქვემოთ)
მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობის დროს:
·         მოზრდილებში გონებრივი ასაკი შეესაბამება 9-12 წელს;
·         ვლინდება სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები სკოლაში;
·         ვლინდება ნორმალური სოციალური ურთიერთობების დამყარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების უნარი. აგრეთვე მუშაობისათვის აუცილებელი უნარები.
საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობა:
·         მოზარდებში გონებრივი ასაკი შეესაბამება 6-9 წელს;
·         ვლინდება განვითარების თვალსაჩინო შეფერხება ბავშვობაში;
·         ირღვევა თითმომსახურების უნარები;
·         უმრავლესობას შეუძლია შეიძინოს ადეკვატური კომუნიკაციური და საბაზო აკადემიური უნარები;
·         საჭიროებს სხვადასხვა დონის დახმარებას საზოგადოებაში ცხოვრებისა და მუშაობისათვის.
მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა:
·         მოზრდილებში გონებრივი ასაკი შეესაბამება 3-6 წელს;
·         ჩვეულებრივ საჭიროებს მუდმივ დახმარებას.
ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა:
·         მოზრდილებში გონებრივი ასაკი შეესაბამება 3 წლამდე ასაკს;
·         ვლინდება თვითმომსახურების, გადაადგილებისა და  კომუნიკაციის მძიმე დარღვევები;

·         გონებრივი ჩამორჩენილობა შეუქცევადი პროცესია და ყოველი კონკრეტული ბავშვის შემთხვევაში განვითარების ტემპი, უნარები და აკადემიური მიღწევები ძალიან ინდივიდუალურია. 

Wednesday, January 15, 2014

რა არის აუტიზმი?

აუტიზმი არის ტვინის ფუნქციონირების განვითარების დარღვევა, რომელიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და ხელს უშლის ბავშვის: ვერბალურ და არავერბალური კომუნიკაციის დამყარებას, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და გონებრივი განვითარების პროცესებს. ბავშვი ვერ ახერხებს სწორად აღიქვას ის რაც: ესმის, ხედავს ან შეიგრძნობს. შესაბამისად მას უვითარდება წარმოსახვის პრობლემები და უჩვეულო, მკაცრად შეზღუდული                                                                       მოქმედებები და ინტერესები.

რა არის აუტიზმის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები?
უნდა აღინიშნოს, რომ აუტიზმის დამახასიათებელი ნიშნების სირთულის ხარისხი განსხვავებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა ჩვეულებრივ მოიცავს: მეტყველების, გონებრივი განვითარების, საზოგადოებრივი ქცევისა და ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემებს.
მეტყველების პრობლემები.
აუტისტი ბავშვები ან სულ ვერ სწავლობენ ლაპარაკს ან გაცილებით გვიან იწყებენ ვიდრე სხვა ბავშვები. მათი მეტყველება ხასიათდება თავისებური ენობრივი ნიშნებით, ხშირად სიტყვები არ შეესაბამებიან თავიანთ მნიშვნელობებს. ისინი, ვინც შედარებით უკეთ მეტყველებს, ხმარობენ უცნაურ მეტაფორებს ან ლაპარაკობენ ფორმალური და მონოტონური ხმით. აუტისტი ბავშვები ხშირად თავიანთ თავს აღნიშნავენ სახელით და არა „მე“-თი. ბევრი მათგანი ლაპარაკობს გაგრძელებულად(თითქოს სიმღერით) საკუთარ, საყვარელ შეზღუდულ თემებზე და არავითარ ყურადღებას არ აქცევს იმას, აინტერესებს თუ არა მისი ლაპარაკი იმას, ვისაც ელაპარაკება.
სოციალური ურთიერთობების აღქმის მწვავე შეფერხება.
აუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად არ რეაგირებენ სახელის დაძახებაზე ან ერიდებიან და არ უყურებენ სხვა ადამიანებს. გაურბიან პირდაპირ მზერას, ეწინააღმდეგებიან ხელში აყვანას, თითქოს“ გამოთიშავენ“ მათ გარშემო არსებულ სამყაროს. უჭირთ ხმის დონის ან სახის გამომეტყველების განსაზღვრა და არ პასუხობენ სხვის ემოციებს,  ან სახეში უყურებენ ადამიანებს , რომ სათანადო ქცევის ინპულსი მიიღონ. მათ თითქოს არ ესმით სხვისი მათდამი დამოკიდებულება და საკუთარი მოქმედების უარყოფითი გავლენა სხვა ადამიანებზე. ამის შედეგია თანატოლებთან თამაშის და მეგობრობის დამყარების უუნარობა.

სენსორული რეაქციის წინააღმდეგობრივი ხასიათი.
აუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად თითქოს ყრუვდებიან და არ რეაგირებენ სიტყვებსა და ხმაურზე.  ამავე დროს, იგივე ბავშვები შეიძლება შეაწუხოს ჩვეულებრივმა ყოველდღიურმა ხმაურმა, როგორიცაა მტვერსასრუტის ხმა ან ძაღლის ყეფა. ბავშვმა შეიძლება გამოამჟღავნოს უგრძნობლობა ტკივილის, სიცივის ან სიცხისადმი, ან პირიქით ზედმეტად მწვავე რეაქცია ჰქონდეს მათ მიმართ. ამ უჩვეულო მგრძნობიარობის შედეგია ქცევის დარღვევის სიმპტომები, როგორიცაა მაგალთად წინააღმდეგობა,  როცა იხუტებენ.

გონებრივი უნარების არათანაბარი განვითარება.
აუტისტი ბავშვების უმრავლესობას გონებრივი ჩამორჩენილობის სხვადასხვა ხარისხი ახასიათებთ, მხოლოდ 20% საშუალო და საშუალოზე მაღალი გონიერებით, თუმცა, ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ხატვის, მუსიკის , ანგარიშის , ფაქტების დამახსოვრების (მათი მნიშვნელობის მიუხედავად) -გაძლიერებული უნარები. ინტელექტუალური მრავალფეროვნებით ეს კომბინაცია წარმოადგენს აუტიზმის განსაკუთრებით გამაოგნებელ თვისებას.

ქცევისა და ინტერესების შეზღუდულობა.
აუტისტ ბავშვებს ხშირად ახასიათებთ სხეულის მოძრაობის გამეორება, ხელის მკვეთრი მოძრაობა, გრეხა, ტრიალი, ქანაობა. განმეორებადი ქცევა გამოიხატება იმაშიც, რომ აუტისტური ბავშვები დადიან ყოველთვის ერთი და იმავე გზით, ერთნაირი თანმიმდევრობით იცვამენ. თუ ამ ჩვეულ წესში რაიმე ცვლილება ხდება, ეს იწვევს ბავშვის ან მოზარდის უკიდურეს გაღიზიანებას.
ქცევის პრობლემები.

მწვავე მეტყველებისა და საზოგადოებრივი პრობლემების გარდა, აუტისტებს ახასიათებთ გადაჭარბებული ჰიპერაქტივობა, მშობლების, ოჯახის წევრების მიმართ უცნაური გულგრილობა. 



კანონმორჩილება თუ ჰუმანურობა


გულახდილად უნდა ვაღიარო, რომ საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ არ არის მზად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მისაღებად. განსაკუთრებულ წინააღმდეგობს ვაწყდებით საჯარო სკოლებში. ინკლუზიური განათლების პროგრამის განხორციელებაში სახელმწიფოს მხრიდან აქტიურობასა და მოტივირებულობას საზოგადოება უპირისპირებს პასიურობასა და საკითხის მიმართ გულგრილობას, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს.
პედაგოგების ნაწილი და მშობლები  ეჭვის თვალით უყურებენ ამ წამოწყებას. ზოგი პროტესტს  გამოთქვამს, რომ მისი შვილი  სსსმ მოსწავლის გვერდით სწავლობს, ან მასწავლებლის წუხილი დროს ვეღარ ანაწილებს და უკეთესი იქნება ასეთმა ბავშვმა ცალკე ისწავლოს.  ამ საკითხისადმი ზერელე დამოკიდებულება ჩანს შემდეგი არასწორი ფრაზებიდან: „ინკლუზივები“, „ინკლუზიური ბავშვი“.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ:  „ინკლუზიური განათლება“   და „ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე“
გულსატკენია, როცა სალამანკას დეკლარაცია და სხვა კანონმდებლობები  არეგულირებენ და გვკარნახობენ თუ,  როგორ მოვექცეთ ადამიანებს, ამ შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე მოსწავლეებს. ადამიანურობა, კაცთმოყვარეობა კი დავიწყებულია, სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის გულგრილობა ირგვლივ არსებული მოვლენების მიმართ.
 საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა კანონმორჩილება აირჩია ინკლუზიური განათლების მიმართ.............
ზემოთ გამოხატული გულისტკივილი, რა თქმა უნდა , დიდიხანია მაწუხებს, მაგრამ  უფრო გამიმძაფრდა სურათების ნახვის შემდეგ, სადაც კარგად ჩანს რამდენად ადრე იყო სკოლები ჩართული  ბავშვებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროცესში, რათა მომხდარიყო მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება.

ვიმედოვნებ, რომ ჩვენც  შევცვლით დამოკიდებულებებსა და მიდგომებს ბავშვების მიმართ და ვაღიარებთ  საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. 

 alternatiuli gzebis Zieba – aZlevs moswavles SesaZleblobas sakuTari unarebiazrebicodnamisTvis xelmisawvdomi formiT gamoxatos
nacvlad xeliT werisa, moswavles eZleva kompiuterze beWdvis SesaZlebloba.(adreul wlebSi sabeWd manqanas iyenebdnen)