საათი

Wednesday, January 15, 2014

რა არის აუტიზმი?

აუტიზმი არის ტვინის ფუნქციონირების განვითარების დარღვევა, რომელიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და ხელს უშლის ბავშვის: ვერბალურ და არავერბალური კომუნიკაციის დამყარებას, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და გონებრივი განვითარების პროცესებს. ბავშვი ვერ ახერხებს სწორად აღიქვას ის რაც: ესმის, ხედავს ან შეიგრძნობს. შესაბამისად მას უვითარდება წარმოსახვის პრობლემები და უჩვეულო, მკაცრად შეზღუდული                                                                       მოქმედებები და ინტერესები.

რა არის აუტიზმის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები?
უნდა აღინიშნოს, რომ აუტიზმის დამახასიათებელი ნიშნების სირთულის ხარისხი განსხვავებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა ჩვეულებრივ მოიცავს: მეტყველების, გონებრივი განვითარების, საზოგადოებრივი ქცევისა და ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემებს.
მეტყველების პრობლემები.
აუტისტი ბავშვები ან სულ ვერ სწავლობენ ლაპარაკს ან გაცილებით გვიან იწყებენ ვიდრე სხვა ბავშვები. მათი მეტყველება ხასიათდება თავისებური ენობრივი ნიშნებით, ხშირად სიტყვები არ შეესაბამებიან თავიანთ მნიშვნელობებს. ისინი, ვინც შედარებით უკეთ მეტყველებს, ხმარობენ უცნაურ მეტაფორებს ან ლაპარაკობენ ფორმალური და მონოტონური ხმით. აუტისტი ბავშვები ხშირად თავიანთ თავს აღნიშნავენ სახელით და არა „მე“-თი. ბევრი მათგანი ლაპარაკობს გაგრძელებულად(თითქოს სიმღერით) საკუთარ, საყვარელ შეზღუდულ თემებზე და არავითარ ყურადღებას არ აქცევს იმას, აინტერესებს თუ არა მისი ლაპარაკი იმას, ვისაც ელაპარაკება.
სოციალური ურთიერთობების აღქმის მწვავე შეფერხება.
აუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად არ რეაგირებენ სახელის დაძახებაზე ან ერიდებიან და არ უყურებენ სხვა ადამიანებს. გაურბიან პირდაპირ მზერას, ეწინააღმდეგებიან ხელში აყვანას, თითქოს“ გამოთიშავენ“ მათ გარშემო არსებულ სამყაროს. უჭირთ ხმის დონის ან სახის გამომეტყველების განსაზღვრა და არ პასუხობენ სხვის ემოციებს,  ან სახეში უყურებენ ადამიანებს , რომ სათანადო ქცევის ინპულსი მიიღონ. მათ თითქოს არ ესმით სხვისი მათდამი დამოკიდებულება და საკუთარი მოქმედების უარყოფითი გავლენა სხვა ადამიანებზე. ამის შედეგია თანატოლებთან თამაშის და მეგობრობის დამყარების უუნარობა.

სენსორული რეაქციის წინააღმდეგობრივი ხასიათი.
აუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად თითქოს ყრუვდებიან და არ რეაგირებენ სიტყვებსა და ხმაურზე.  ამავე დროს, იგივე ბავშვები შეიძლება შეაწუხოს ჩვეულებრივმა ყოველდღიურმა ხმაურმა, როგორიცაა მტვერსასრუტის ხმა ან ძაღლის ყეფა. ბავშვმა შეიძლება გამოამჟღავნოს უგრძნობლობა ტკივილის, სიცივის ან სიცხისადმი, ან პირიქით ზედმეტად მწვავე რეაქცია ჰქონდეს მათ მიმართ. ამ უჩვეულო მგრძნობიარობის შედეგია ქცევის დარღვევის სიმპტომები, როგორიცაა მაგალთად წინააღმდეგობა,  როცა იხუტებენ.

გონებრივი უნარების არათანაბარი განვითარება.
აუტისტი ბავშვების უმრავლესობას გონებრივი ჩამორჩენილობის სხვადასხვა ხარისხი ახასიათებთ, მხოლოდ 20% საშუალო და საშუალოზე მაღალი გონიერებით, თუმცა, ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ხატვის, მუსიკის , ანგარიშის , ფაქტების დამახსოვრების (მათი მნიშვნელობის მიუხედავად) -გაძლიერებული უნარები. ინტელექტუალური მრავალფეროვნებით ეს კომბინაცია წარმოადგენს აუტიზმის განსაკუთრებით გამაოგნებელ თვისებას.

ქცევისა და ინტერესების შეზღუდულობა.
აუტისტ ბავშვებს ხშირად ახასიათებთ სხეულის მოძრაობის გამეორება, ხელის მკვეთრი მოძრაობა, გრეხა, ტრიალი, ქანაობა. განმეორებადი ქცევა გამოიხატება იმაშიც, რომ აუტისტური ბავშვები დადიან ყოველთვის ერთი და იმავე გზით, ერთნაირი თანმიმდევრობით იცვამენ. თუ ამ ჩვეულ წესში რაიმე ცვლილება ხდება, ეს იწვევს ბავშვის ან მოზარდის უკიდურეს გაღიზიანებას.
ქცევის პრობლემები.

მწვავე მეტყველებისა და საზოგადოებრივი პრობლემების გარდა, აუტისტებს ახასიათებთ გადაჭარბებული ჰიპერაქტივობა, მშობლების, ოჯახის წევრების მიმართ უცნაური გულგრილობა. 



No comments:

Post a Comment